ხვალ წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად ლობიან პურებს აცხობენ.
საქმე იმაშია, რომ სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი მზის ღვთაება და მისი დედა ბაბალე. ბაბალეს პატივსაცემად დღესასწაულზე მზის დისკოს ფორმის ყველიან და კვერცხის გულის მქონე ღვეზელებს აცხობდნენ.
გაქრისტიანების შემდეგ წარმართული ღვთაებისა და ქრისტიანი წმინდანის სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო, ბარბარობის დღესასწაულზე ბევრი რამ ისე აღინიშნებოდა, როგორც ბარბალობას. დღემდე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს არა ბარბარობას, არამედ ბარბალობას ულოცავს.
იმის გამო, რომ ბარბარობას მარხვაა ბარბალობის დღესასწაულისთვის განკუთვნილი ყველიანი და კვერცხის გულიანი მზის დისკოს ფორმის ღვეზელების გამოცხობა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ყველი და კვერცხი სამარხვო პროდუქტმა, ლობიომ ჩაანაცვლა.