საჭირო მასალა:
ცომისთვის:
250 გ ფქვილი და ცოტაოდენი გასაბრტყელებლად
კარაქი 4 ს.კ
თბილი წყალი 125 მგ
კვერცხი 1 ცალი
მწიკვი მარილი
გულსართისთვის:
ვაშლი 1 კგ
ქიშმიში 200გ
ნიგოზი 200გ
დარიჩინი 1 ჩ/კ
შაქარი 8-10 ს/კ
მომზადების წესი:
შეათბეთ წყალი და შიგ ჩააგდეთ კარაქი. თასში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, ჩაასხით კარაქიანი წყალი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. მოზილეთ ნაზი ცომი ისე, რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. თუ საჭიროა ცოტაოდენი წყალი ან ფქვილი დაუმატეთ, ოღონდ ცომი ელასტიკური უნდა დარჩეს. მოზელილი ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 25-30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი. ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები და პატარა კუბებად დაჭერით. უმჯობესია თუ ქიშმიშს წინასწარ გარეცხავთ და შეაშრობთ. ნიგოზი მსხვილად დაჭერით.
ფქვილმოყრილ ზედაპირზე ძალიან თხლად გააბრტყელეთ ცომი. ცომის ფენას ზემოდან მოკიდეთ ხელი და ძალზე ფრთხილად გაწელეთ კიდეებისკენ. ისე, რომ არ დაიხეს.
ცომზე თანაბრად მოაფინეთ გულსართის ინგრედიენტები: ვაშლი, ქიშმიში და ნიგოზი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. ფრთხილად დაიწყეთ შტრუდელის გადახვევა. ბოლოს კიდეები შიგნით შეუკეცეთ. გადაიტანეთ საცხობ ფურცელზე. ზედაპირი რამდენიმეგან ჩაუსერთ და შედგით საშუალოდ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
დაახლოებით 25- 30 წუთში, როცა ცომი დაიბრაწება, შტრუდელი გამოიღეთ, მოაყარეთ შაქარის პუდრა და თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით.