ბლომანჟე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ევროპული ნუგბარია, ერთგვარი ტკბილი პუდინგი, რომლის მომზადებამაც ევროპაში ასწლეულების განმავლობაში მიაღწია სრულყოფილებას.
ტრადიციული პუდინგის გემო მსუბუქია და კერძს ასევე კაზმავენ ტკბილი სოუსით ან ცოცხალი ხილით.
ბლომანჟეს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი ნამდვილი წარმოშობა საიდუმლოთი არის მოცული. მიიჩნევა, რომ მისი სათავეები ევროპაში არაბების მიერ ნუშის შეტანას უკავშირდება, რადგან ტრადიციულ ბლომანჟეს ნუშის რძე ურევია. ჯერ კიდევ 1200-იან წლებში ბლომანჟეს რეცეპტები მზადდებოდა გერმანიაში.
ორიგინალური სახით ამ პუდინგს ამზადებდნენ არომატიზებული მოშუშული ხორცით ქათმის ბულიონთან ერთად, დამატკბობლებით, ნუშის რძით, დანაკუწებული ხორცით, ვარდის წყლით და ბრინჯის ფქვილით. 1600-იან წლებში, ბლომანჟე თეთრ ფითქინა პუდინგად იქცა, ისეთ დესერტად, რომელსაც ახლა ვიცნობთ.
ბლომანჟე ძალიან პოპულარული იყო ინგლისსა და საფრანგეთში მაღალი წრის ხალხს შორის, ზოგიერთი მზარეული საღებავსაც უმატებდა, განსაკუთრებით საზეიმო შემთხვევებისთვის.
თანამედროვე ბლომანჟე არის დესერტი ჟელატინით, ნუშის ან ძროხის რძით. ჟელატინი მეტი სისქისთვის ემატება, თან გარეგნულადაც უფრო ლამაზი გამოდის კერძი. ხანდახან ბლომანჟეში უმატებენ ნუშსაც (ძველადაც გვხვდებოდა ამ სახით), ნიგოზს ან თხილს. ასევე ამზადებენ კაკაოთი, კენკროვნებით, ხილით, ცუკატებით. უმატებენ სხვადასხვაგვარ ესენციებს, ალკოჰოლს.